მოემზადეთ Cat S61-ისთვის

Cat S60-ის ანონსიდან თითქმის ორი წელი გავიდა. ის იყო 2016 წლის ნამდვილი ინოვაცია, რომელიც თავისი უნიკალური ფუნქციის გამო დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში Cat Phones -ის და ტექნოლოგიების მოყვარულებს არ ასვენებდათ კითხვა - როდის გამოვა S60-ის მემკვიდრე? საერთოდ იქნება თუ არა ის? ამ კითხვას პასუხი 27 თებერვალს, ბარსელონაში გაეცემა, სადაც Cat S61-ის პირველი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

მიუხედვად ამისა, Cat Phones-მა გადაწყვიტა, საზოგადოებას მაინც წარმოუდგინოს ის ძირითადი სიახლეები რომელიც მის მომავალ გამძლე ფლაგმანში იქნება თავმოყრილი.

მაშ ასე წარმოგიდგენთ Cat S61-ს და მის ძირითად სამ სიახლეს:

  • განახლებული თერმული კამერა, რომელიც შეძლებს 400°C-მდე ტემპერატურის წაკითხვას. გაუმჯობესებულია გამოსახულების ხარისხი და დამატებულია თერმული ვიდეოს ლაივსტრიმინგის ფუნქცია.
  • მანძილის გასაზომი ლაზერი, რომელიც მუშაობს 10 მეტრამდე მანძილზე.
  • VOC (Volatile Organic Compounds) სენსორი, რომელიც ზომავს ჰაერის დაბინძურების დონეს.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, S60 აღჭურვილი იქნება 4.500mAh ბატარეით, 5.2 დუიმიანი ეკრანით და 16 მეგაპიქსელიანი კამერით წყალქვეშ გადაღების ფუნქციით. სმარტფონი გაყიდვაში გამოვა Android 8.0-ით და განახლდება შემდეგ ვერსიამდე. გარდა ამისა S61-ში გაუმჯობესებულია კორპუსისა და ეკრანის მასალა, რაც მოწყობილობას დამატებით გამძლეობას ანიჭებს მის წინამორბედთან შედარებით.